ისტორიული ან ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ადგილებისთვის ახალი ფუნქციის, ახალი სიცოცხლის და რაც მთავარია ახალი ისტორიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, “სოდი ინვესტმენტის” საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულებმა გადავწყვიტეთ, არქიტექტორ მ. ბუზოღლის მიერ, 1930 წელს აგებული ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობა, თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაგვებრუნებინა.
კინოსტუდიის შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა, თუმცა დანიშნულებიდან გამომდინარე, უფრო პროფესიული მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდა ვიდრე აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობად თბილისში.
სწორედ ზემოთხსენებული გახდა ჩვენი იდეის ამოსავალი წერტილი: ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეულად მასშტაბური, სოლიდური და უამრავი ცვლილების მნახველი, მაგრამ თავად უცვლელი შენობა, უცვლელად შეგვენარჩუნებინა და თბილისელებისთვის თუ თბილისის დასათვალიერებლად ჩამოსული სტუმრებისთვის, გამორჩეულ და მრავალფუქციურ ადგილად გადაგვექცია.